ცესკოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გამოეხმაურა - სალომე ზურაბიშვილს უფლება აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს-აცხადებენ ორგანიზაციის იურისტები. "არც საარჩევნო კოდექსი და არც საქართველოს კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა. კონსტიტუციის 70-ე და საარჩევნო კოდექსის 96-ე მუხლებში, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო კრიტერიუმების საკმაოდ დეტალურ ჩამონათვალს მოიცავს, არაფერია ნათქვამი ორმაგ მოქალაქეობაზე. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ეხება, ეს არის კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტი. თუმცა, აღნიშნული მუხლი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს და არა - არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გაიმარჯვებს არჩევნებში, იგი უბრალოდ დატოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და კონსტიტუცია არ დაირღვევა",-ნათქვამია განცხადებაში.
მისივე განმარტებით, „104/4 მუხლით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირსაც კი აქვს უფლება, 2014 წლამდე გახდეს საქართველოს პრეზიდენტი“.
"არალოგიკური იქნება, თუკი ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქეს კანდიდატად რეგისტრაციის უფლებაც კი არ მიეცემა, მით უმეტეს, რომ კონსტიტუცია ამას არ კრძალავს",-ნათქვამია განცხადებაში.