ბიზნესმენი ამბერკა დვალიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე თავის შეხედულებას გვიზიარებს:
- ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა , კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა თავისას უბერავს, ვის რა უნდა იმას აკეთებს და პატრონი არავინაა. ქვეყანას არ აქვს იდეოლოგია, რომელსაც გაყვება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივა წარმატებამდე. ყველა ცდილობს თავისი გაიტანოს და იმას კი არ უყურებს, წაადგება ეს ქვეყანას თუ არა. როცა პატარა ქვეყანა ხარ, როცა საკითხი დგას გადარჩენაზე, ერი და ბერი ერთად უნდა იდგეს და მიზანმიმართულად მოქმედებდეს, და არა ისე, როგორც დღესაა. თავისუფლების ლოზუნგის ქვეშ, ვისაც რა უნდა იმას აკეთებს.
დამისახელეთ თუნდაც ერთი ქვეყანა , სადაც ნარკომანებს მიტინგი გაემართათ. მე თუ მკითხავ, ნარკომანები საავადმყოფოებში უნდა გამოკეტო და იძულებით უმკურნალო, რომ არ ჩაითრიოს სხვებიც. ნარკოპოლიტიკა არ გააჩნია ქვეყანას, რა ნარკოლიბერალიზაციაზეა საუბარი, იმ ფონზე რაც ჩვენ ქვეყანაშია, გავქრებით, აღარაფერი არ დარჩება ჩვენგან. ნარკოტიკი კარგი რომ იყოს, დამასწრებდა ვინმე?!
მეც მყავდა სამეგობროში ნარკომანები, რომლებიც წამლის გულისთვის ოჯახებს საშინელ დღეში აგდებდნენ. ნარკოტიკმა ჩემი ახლო ნათესავების და მეგობრების სიცოცხლე შეიწირა. ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგრამ ასე კი არ ამაყობდნენ ნარკომანობით, როგორც ახლაა,თავისუფლები ვართ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო, თავდახრილი დადიოდნენ. რას ჰქვია რასაც გინდა იმას გააკეთებ?! შენი კაიფისთვის ოჯახს რომ დაღუპავ და შვილებს ლუკმა-პურის გარეშე ტოვებ, ცოლს და დედას აიძულებ გადაიკარგოს საზღვარგარეთ და მონად იქცეს, ესაა შენი თავისუფლება?! სხვის თავისუფლებას რომ ზღუდავ, ამაზე პასუხი არ უნდა მოგეთხოვოს?!
მე კაცად არ მიმაჩნია ნარკომანი და ხმამაღლა ვამბობ, ნარკომანი არის დეგრადირებული პიროვნება, საზოგადოებაში მისი ადგილი არ უნდა იყოს. რადგანაც ნარკომანი პოტენციური მოძალადეა, მისი დაბინდული გონება ათას სისაძაგლეზე მიდის და სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლებს გარშემომყოფთ. და ეს მოგვწონს, ამას ვუკრავთ ტაშს და ამათ ვიცავთ?! ამაზრზენია იმ კადრების ყურება, მიტინგზე ხალათიანი ბიჭები რომ დაფრიალებენ და გონზე არ არიან რას საუბრობენ. ასეთი თაობა გვინდა?! ასეთებს ვუჭერთ მხარს და ვამართლებთ?!
კლუბებში სიარულს და კლუბურ მუსიკას ნურავინ მასწავლის, საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მსგავსი არაფერი მინახავს, დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ ლამის ღამის კლუბი მოაწყვეს და თან ხელშეუხებლობას მოითხოვდნენ. ამაზრზენად იქცეოდნენ და თურმე ტაში უნდა დაგვეკრა. მე არ ვიცი ვის რა გრანტებს ურიცხავენ, ვინ ვისთან რა ვალშია, მაგრამ ერთი ვიცი, ასეთი მომავალი არ მინდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას. და ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ პოლიტიკური პარტია, რომელიც მათი უფლებების დაცვისკენ მოგვიწოდებს, არის ქვეყნის მტერი. გულზე ხელი დაიდონ და მითხრან , თავად უნდათ ასეთი შვილი ჰყავდეთ?! არა მგონია! მაშინ სხვის შვილებს რატომ ახალისებენ, სხვისი შვილები არ ედარდებათ, სხვისი დაქცეული ოჯახები?!
მკაცრად უნდა დასაჯოს ყველა დამნაშავე, ყველა ბარიგა ციხეში და ყველა ნარკომანი საავადმყოფოში. სხვა გამოსავალი არ აქვს ჩვენს ქვეყანას, თორემ დავიღუპებით და გავქრებით რუკაზე. ,,ტაბლეტჩიკების’’ აწყობილი სახელმწიფო დაგვისახელონ. ჩვენმა მამა-პაპამ რა სისხლის ფასად მოიტანა დღემდე ჩვენი ქვეყანა და ახლა რას უნდა გადავაყოლოთ, ნარკოტიკს?!
მართლები რომ ვიყავით ,ამიტომ მოგვიხადა მინისტრმა ბოდიშიო, სოციალურ ქსელში წერდა ერთი . მინისტრის ბოდიში იყო კაცობის ზენიტი, მე პირადად ვაფასებ გიორგი გახარიას, მისი ეს ნაბიჯი იყო იმ სიტუაციაში მართებული. ბოდიშის მოხდა მხოლოდ ვაჟკაცებს შეუძლიათ, საერთოდ არ ვიცნობ მინისტრს, მაგრამ ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ეს იყო ვაჟკაცური საქციელი. ბევრს არ მოეწონა, რადგან მოვლენების სხვაგვარად განვითარება უნდოდა, დაპირისპირება და არეულობა აწყობთ ქვეყანაში.
ან რა კანონპროექტები შემოაქვთ ზოგიერთ პარლამაენტარებს პარლამენტში განსახილველად. ახლა კიდევ შემოქმედებით ცენზურაზეა საუბარი. ნუთუ ვერ აცნობიერებენ ასეთი კანონების განხილვაც კი , მიღებაზე რომ არაფერი ვთქვა, დიდ საპროტესტო ტალღას ააგორებს.
მე მხატვარი ვარ, ძალიან მაინტერესებს ხატვის დროს მაგათი კანონი დავიდო წინ და მუხლ-მუხლად ჩავყვე არაფერი გადავამეტო თუ ვხატო?! ან კიდევ რამდენ ჩასაფრებულს ჩემი ნახატი არ მოეწონება და სასამართლოში მიჩივლებს, იქ ვიმართლო თავი?! ან კიდევ რამდენი ხელოვნებათმცოდნე მოსამართლე ეგულებათ ქვეყანაში , რომ შეძლოს მსგავი ტიპის საჩივრების განხილვა...
იმის ნაცვლად , რომ დაფიქრდნენ და გააანალიზონ თავიანთი ქმედებები, იერიშით გადადიან მედია საშუალებებზე, ნუ იტყვი სიბრიყვეს და არ გააჟღერებენ. ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს შეცდომა და ეცადოს გამოსწორებას. სხვაზე გადაბრალებით არც პრობლემა მოგვარდება და არც შედეგი დაიდება. ეს კი საბოლოო ჯამში იმ ზომამდე მიგვიყვანს , რომ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა.