ავტორი: aianews.ge
22.05.2018, 10:35

„ფრანციას პანო“ საფრთხის ქვეშაა!

ცნობილი ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

მონუმენტური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუში - დიდი კერამიკული პანო „კოლხეთი“, რომელიც 1995 წლიდან ამშვენებს ქუთაისის ცენტრს და თანაქალაქელები სიყვარულით მოიხსენიებენ, როგორც „ფრანციას პანოს“, ცნობილი მხატვრის ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის (1939 -1987)ერთ-ერთი ბოლო ნაშრომია და, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად გამორჩეულიც - როგორც ჟანრობრივად, ასევე - მასშტაბურობით. ეს არის თვითმყოფადი ხელწერით შექმნილი რელიეფური კომპოზიცია, რომელმაც თავის სიღრმეში ჩაიტია მხატვრის ინტელექტუალური დიაპაზონი, პროფესიული გამოცდილება და პატრიოტული სულისკვეთება.

შეუძლებელია, ამ პანოს წინ გავლილმა ადამიანებმა, თუნდაც უცხოელებმა, ასერიგად რომ მომრავლდნენ უძველესი ქალაქის ქუჩებში, ყურადღება არ მიაქციონ ფალიაშვილის ქუჩაზე, ნომერ 15 სახლის კედელზე, დაახლოებით 9 x 10 მეტრის ფართობზე გადაჭიმულ, ქანდაკების ენაზე მოთხრობილ ისტორიასა და პოეზიას, ასე შთამბეჭდავად რომ აუმეტყველებია შემოქმედს.
პანო „კოლხეთი“ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში იქმნებოდა. 1980-1985 წლებში მხატვარმა თავის სახელოსნოში შექმნა და მთლიანად დაასრულა ესკიზი, საგულდაგულოდ დაამუშავა ყველა ფიგურა და დეტალი, ყველა ნიუანსი, რომელიც შემდგომ ქალაქის ცენტრში მდებარე კონკრეტული სახლის კედელზე პანოდ უნდა ქცეულიყო. სამწუხაროდ, მან ვერ მოასწრო თავისი იდეის, თავისი ყველაზე დიდი და რთული პროექტის ბოლომდე მიყვანა -მოულოდნელად გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ ბერნარდ ნებიერიძის პანო , მის მიერ დამზადებული ყველა ფიგურა და დეტალი წარმატებით განთავსდა კედელზე (არქიტექტორი სვანიძე). ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ იმთავითვე მიიზიდა საზოგადოების ყურადღება.

რისი თქმა სურს პანოს ავტორს? მისი ჩანაფიქრით, რელიეფური პანოსათვის, უპირველესად, გათვალისწინებულია ადგილი, გარემო, რათა ნაწილობრივ დაუკავშირდეს მდინარე რიონის სიცოცხლით სავსე სანაპიროს, ნათლად გამომზირალ ბაგრატის ტაძარსა და გაბაშვილის გორას. პანოს შინაარსი კი საქართველოს ისტორიას გამოსახავს და ეპოქალურ მოვლენათა უწყვეტ ჯაჭვს იძლევა.
კომპოზიციის ცენტრალური ფიგურაა ძველი კოლხეთის ძლიერების გამომხატველი მეფე აიეტი. იგი წარმოდგენილია გაფოთლილი მუხის ფონზე, რომელზეც ოქროს საწმისია გამოსახული. მეფის თავთან ასომთავრული "დონი"არის ამოტვიფრული, ვითარცა მზის- მარადიული სიცოცხლის მიმანიშნებელი. თავად აიეტი ხომ მზის შვილია და დიდი კოლხეთის ძლიერების სიმბოლოდ შემორჩა საუკუნეებს!პანოზე კიდევ არაერთი საინტერესო ფიგურა და მოძრაობაა. მთელ სივრცეში მოქმედება ლოგიკურად ვითარდება -მხატვარი სარგებლობს აზრობრივ და კომპოზიციურ მხარეთა შეპირისპირებით, ერთმანეთს უპირისპირდებიან: ბოროტი და კეთილი, ძველი და ახალი. ყოველ დეტალს თავისი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია და ამავე დროს - მხატვრულად შემაკავშირებლის ფუნქციაც. მხატვრის ჩანაფიქრი პლასტიკური ენითაა ამეტყველებული, პანო ნაძერწია მძლავრი პლასტიკური მოცულობით.მაღალი რელიეფი მრგვალ ქანდაკებას უახლოვდება. ფიგურების მოძრაობები ჩასმულია ერთ ჰარმონიულ მთლიანობაში.იგრძნობა მკაფიოდ და ნათლად დასმული მხატვრული ამოცანა, რომელიც მიმართულია შინაარსის მხატვრული და შთამბეჭდავი გადმოცემისაკენ.

კომპოზიცია გამოირჩევა ეროვნულ ფორმათა ძიებით და ამავე დროს უაღრესად თანამედროვედ, დროის შესაფერისად იკითხება. რად ღირს თუნდაც კომპოზიციისა და მთელი პანოს საფუძვლად წარმოდგენილი დამარხული იარაღები სხვადასხვა დროისა. ამით ხაზგასმულია კონკრეტული მხატვრული ამოცანა - დროა, მსოფლიო შეგნება მივიდეს იმ დონემდე, რომ დაიმარხოს, განადგურდეს ადამიანის, ცივილიზაციის უბოროტესი მტერი- იარაღი.

და ბოლოს, ბერნარდ ნებიერიძის პანოს კიდევ ერთი განსაკუთრებული ხიბლი აქვს - ფიგურები, რომლებიც აქაა წარმოდგენილი, სინამდვილეში მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ქუთაისელთა რეალური,საინტერესო პორტრეტებია, აქ ქალაქის კოლორიტულ მოქალაქეთა მთელი გალერეაა. მხატვრულობა და დოკუმენტურობა ისეთ მაღალ დონეზე ერწყმის ერთურთს, რომ ამ ფიგურებზე მთელი ნაშრომის დაწერაც კი შეიძლება.

აი, დაახლოებით ასეთ შთაბეჭდილებას იძლევა ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის ეს პანო, რომლითაც არა მარტო ქუთაისელთა ახალი თაობები ინტერესდებიან,არამედ -ქალაქში ყოველდღიურად შემოდინებული ტურისტული ჯგუფები. ეს პანო თავადვე იქცა ერთ-ერთ საინტერესო ღირსშესანიშნაობად ქალაქის სტუმრებისათვის და განათლებული, კვალიფიციური გიდის ხელში ქუთაისიდან გაყოლილ ერთ-ერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებად შეიძლება იქცეს.

ქუთაისის საზოგადოებრიობის დიდი სურვილი და ხელისუფლებისადმი მოთხოვნაც სწორედ ისაა, რომ პანოს,როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დაცვა სახელმწიფომ ბოლომდე უზრუნველყოს და თავიდან ააცილოს მოსალოდნელი საფრთხეები...
პანოს მხატვრული და დოკუმენტური ღირებულება ამ მოთხოვნის ღრმა საფუძველს იძლევა.

ნანული ცხვედიანი.
21.05. 2018. ქუთაისი.


   ნანახია:  845



მსგავსი ამბები:


  ქუთაისს ცოტა შემორჩა ისეთი თანაქალაქელნი, ფრანციას (ბერნარდ ნებიერიძის) პანოს ან არსებობა, ან მდებარეობა იცოდეს; და თითზე ჩამოსათვლელნი - ამ პანოზე გაბნეული სახეების ამოცნობა რომ შეძლოს. მათი კაცობის ლეგენდების ცოდნაზე საუბარი ხომ ზედმეტია! ეს   ...
... სრულად ნახვა
  ეს დღეები ბერნარდ ნებიერიძის და ჩემი მეუღლის ოთარ ქანდარიას ბარათებს და ჩანაწერებს ვათვალიერებ... ეს ბუნებრივიცაა, ახლოვდებოდა ფრანციას დაბადების დღე და ადგილს ვერ ვპოულობდი. 27 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, 27 წელი ყოველი 16 აგვისტო   ...
... სრულად ნახვა
  პროექტის ფარგლებში , რომელსაც ,,საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრი" ახორციელებეს , გრიშაშვილის ქუჩაზე უკვე გაიხსნა პირველი გრაფიტული ნამუშევარი. კედელზე ადამ მიცკევიჩის ლექსი ქართულ და პოლონურ ენებზეა დატანილი. პროექტის სახელწოდებაა   ...
... სრულად ნახვა
  ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს თელავში დაიბადა . 1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი,   ...
... სრულად ნახვა
  არჩეული მერი რომ ვყოფილიყავი და არა დანიშნული, ,,ზემდგომთა" პოლიტიკურ დაკვეთებს ცოტათი მაინც გავექცეოდი. შევეცდებოდი, ცოტა რამ მაინც მომესწრო თანაქალაქელთა საკეთილდღეოდ. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩემს მძღოლსა და მანქანას მერიის წინ დავაყენებდი   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04