ავტორი: ლელა თოლორდავა
16.02.2018, 13:45

მადლობა ბატონო მიხეილ, რომ სამშობლოში დამაბრუნეთ!

ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხელი ჩხენკელს!

ბატონო მიხეილ, ამჯერად გწერთ არა ემიგრანტი დედა, არამედ ემიგრაციიდან დაბრუნებული დედა. მინდა საჯაროდ გადაგიხადოთ მადლობა, მადლობა იმისთვის , რომ სამშობლოში დამაბრუნეთ!

დიახ, სამშობლოში დამაბრუნეთ!!!

ბატონო მინისტრო, ამ წერილით 2017 წლის 29 ნოემბერს მოგმართეთ:

,,ბატონო მინისტრო, ეს ფოტო იტალიის უკიდურეს სამხრეთში, ქალაქ რეჯჯიო დი კალაბრიაში იტალიის დროით 14:07 საათზეა გადაღებული. ეს სკოლის შენობა გახლავთ და ამ დროს არცერთი მოსწავლე არ არის სკოლაში, უკლებლივ ყველა მოსწავლე სახლშია , უკვე ნასადილები და დიდი ალბათობით დაძინებული, რადგან აქ 14:00 -დან 16:00-მდე მკვდარი საათია... ამ დროს საქართველოში 17:07 საათია. ჩემი მონატრებული შვილი კი ჯერაც არ მისულა სახლში და იცით რატომ?! იმიტომ, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ პირდაპირ მასწავლებელთან მიდის. ერთთან კი არა, სულ მცირე ოთხთან,სახლში რომ მიდის კარგა ხნის დაღამებულია... ასეა მისი თითქმის ყველა თანაკლასელი, პარალელკლასელი, თანასკოლელი, თანაქალაქელი და ზოგადად საქართველოს საჯარო სკოლების თითქმის ყველა დამამთავრებელი( და არა მარტო) კლასების მოსწავლეები. ჩემი შვილი მე- 11 კლასის წარჩინებული მოსწავლეა, მაგრამ სკოლაში მიღებული ცოდნით შიშობს საატესტატო გამოცდების ღირსეულად ჩაბარებას.

სწორედ ამან გამხადა იძულებული გადმოვხვეწილიყავი უცხო ქვეყანაში, რათა შემძლებოდა კერძო მასწავლებლებთან სწავლის საფასურის გადახდა. და ეს საფასური არც ისე მცირე თანხაა, ყოველ შემთხვევაში რეგიონში მომუშავე ჟურნალისტის შემოსავალს ბევრად აღემატება. ერთი საგნის მომზადება საატესტატო გამოცდისთვის 500 ლარია, ოთხი ასეთი საგანი,ზედ დამატებული უცხო ენები და მათემატიკა, რომლის საფუძვლიანი ცოდნა სამომავლოდ გაგვიადვილებს უნარების სწავლას... თვეში 400 ლარი მარტო მეთერთმეტე კლასში მყოფ ჩემს შვილს, მეორე შვილიც მყავს და ის მე-9 კლასში სწავლობს, მასაც აქვს ორი გამოცდა და უთქმელადაც მიხვდებით , რომ ისიც ემზადება ... თითქმის 600 ლარი მჭირდება თვეში, რომ პირნათელი ვიყო მასწავლებლებთან... აღარაფერს ვამბობ ეროვნული გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადებაზე და იმ კოლოსალურ თანხებზე, რომლითაც შეფასებულია ესა თუ ის საგანი. აქ უკვე ლარზე ბოდიში, აქ დოლარებზეა საქმე...თქვენ ხომ არ გაქვთ იმის ილუზია, რომ საჯარო სკოლაში მიღებული ცოდნით აბარებს აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს ?!

ბატონო მიხეილ, არ იფიქროთ პირად პრობლემაზე გაკარგვინებდეთ ძვირფას დროს, ეს პრობლემა დგას თითქმის ყველა ოჯახში, სადაც სკოლის მოსწავლეა. ამ პრობლემის გამო ძალიან ბევრმა დედამ დატოვა შვილები და გადმოიხვეწა საზღვარგარეთ. ვინც ვერ გაიღო შვილის მომავლისთვის ეს შეუფასებელი მსხვერპლი თავში ხელებს იცემს და კრედიტებს იღებს ბანკებიდან იმის იმედად, რომ გამოჩნდება რაღაც. არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს თანხა პრობლემა არ არის და ამ თემაზე საუბარი უაზრობად მიაჩნიათ. თუმცა ასეთებს თავიანთი შვილები პრესტიჟულ ე.წ. ფასიან სკოლებში დაჰყავთ.

ბატონო მინისტრო, ეჭვგარეშეა გადახედავდით გასული წლის განათლების სამინისტროს მუშაობის შედეგებს, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია თქვენი განათლების დონის პატრონი დათანხმებოდა მინისტრობას, ნახავდით რა სამარცხვინო შედეგი დაიდო საატესტატო გამოცდებზე, ათასობით მოსწავლემ ვერ აიღო საჯარო სკოლის ატესტატი. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მშობელს არ ჰქონდა საშუალება კერძო მასწავლებლებთან მოემზადებინა შვილი და რაც ისწავლა სკოლაში სახეზეა... სწორედაც საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებია საქართველოს საჯარო სკოლების რეალური სახე. წარჩინებულ მოსწავლეებს ნუ დაიბრალებს რომელიმე საჯარო სკოლა, ეს ჩვენი მშობლების და კერძო მასწავლებლების დამსახურებაა!!! ნურც ,, ოქროს მედალოსნებით'' იამაყებს სკოლა, რადგანაც მშობელს მართლა ოქროს ფასი უზის ეს ოქროს წყალში ამოვლებული მედალი, ათასობით ლარი ....

ბატონო მინისტრო, შორსა ვარ იმ აზრისგან , რომ სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები არ გვყავდეს, გვყავს და არც ისე ცოტა. მაგრამ რა ხარისხით უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს, როცა იმის ფიქრითაა მოცული, როგორ იშოვოს საარსებო ფული. იმედია მოგეხსენებათ, რა სამარცხვინო გასამრჯელოც აქვათ საჯარო სკოლებში პედაგოგებს. რადგან სახელმწიფომ უყურადღებოდ დატოვა ის ხალხი, ვის ხელშიც არის ქვეყნის მომავალი, მათაც იპოვეს გზა და ,,საშინაო სკოლები'' გახსნეს. მეც ასე მოვიქცეოდი, პედაგოგი რომ ვიყო. მართალია ბავშვობაში მეგონა, რომ მასწავლებელი საჭმელს არ ჭამდა, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ისინი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, მათაც იგივე პრობლემა უდგათ, როგორც ყველა დანარჩენს.

ბატონო მინისტრო, იმედია თქვენი განათლების და გამოცდილების პატრონს შეგწევთ ძალ-ღონე და გამბედაობა იმისა , რომ ძირეულად შეცვალოთ განათლების სფერო. თქვენს ადგილზე, აუცილებლად გავაუქმებდი საატესტატო გამოცდებს იმ დრომდე, ვიდრე სკოლაში განათლების დონე არ აიწევდა. გავაუქმებდი უფუნქციო მე-12 კლასს, რამეთუ დამერწმუნეთ, არცერთი მეთორმეტეკლასელი არ დადის სკოლაში, ყველანი რეპეტიტორებთან დადიან. იმ ხელფასს, რომელსაც სახელმწიფო გასცემს მეთორმეტე კლასის სწავლებისთვის წყალში გადაყრილი თანხაა, არ მგონია ისე მდიდარი იყოს ჩვენი ქვეყანა, გადასაყრელი ფული ჰქონდეს.

ბატონო მიხეილ, ჩემი თავისუფლების ყველა დღე არ მეყოფა იმ პრობლემის ჩამოსათვლელად, რაც თქვენს სფეროშია. ადამიანურად გითანაგრძნობთ ,,ნუცას სკოლები'' გერგოთ მემკვიდრეობით, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ნუცას სკოლები და სისტემაზე განაწყენებული მშობლები. აღარაფერს ვამბობ უხარისხო სახელმძღვანელოებზე, რომელიც ისეა შედგენილი მოსწავლემ დამოუკიდებლად აზრი ვერ გამოიტანოს. აიღებ სახელმძღვანელოს ხელში და ვერ ხვდები ისტორიაა თუ გეოგრაფია, ფიზიკაა თუ ქიმია... რამდენი რამ გავიხსენო, რამდენი ერთი ჩამოვთვალო. სწორედ ამ განუკითხაობის , კორუფციული განათლების სფეროს მსხვერპლი მშობელი ვარ, საკუთარ პროფესიაზე უარი რომ მათქმევინა და უცხო ქვეყანაში ბადანტეობა მომისაჯა!!!

მე ეს არ დამიმსახურებია, ვინც იცის ჩემი ბიოგრაფია დამეთანხმება. ამისთვის არ მითენებია წიგნის კითხვაში ღამეები, რომ 85 წლის იტალიელ ბაბუს, ყოფილ მატარებლის მემანქანეს, ვემსახურო. და ამაში ლომის წილი თქვენს სამინისტროს მიუძღვის!!!

ბატონო მიხეილ, ყოველ ოთხშაბათს 14:00- დან 20:00 საათამდე თავისუფლების საათები მაქვს, მოვდივარ ზღვის პირას და დარდებს ვატან ზღვას. დღეს დარდები ზღვას აღარ გავატანე და თქვენ გამოგიგზავნეთ ღია წერილად. მინდა მჯეროდეს, რომ გულთან მიიტანთ ჩემს გულისტკივილს და დამეხმარებით სახლში დაბრუნებაში. გააუქმეთ საატესტატო გამოცდები და ამით ბევრ დედას დააბრუნებთ შვილებთან .

და ბოლოს, თუ ვერ შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, დამითმეთ თქვენი ხელფასი, რომლითაც შევძლებ მასწავლებლების ფულის გადახდას, იმედია 600 ლარს აღემატება თქვენი გასამრჯელო. და დავბრუნდები სამშობლოში, ჩემს მონატრებულ შვილებთან.
ბატონო მიხეილ, ჩემი სამშობლოში დაბრუნება თქვენს ხელშია!!!’’

ბატონო მინისტრო, როცა ეს წერილი დავწერე დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ გულთან ახლოს მიიტანდით ჩემს გულისტკივილს და დამიკავშირდებოდით. ამ წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი დედების მხრიდან. როგორ არ ვიაქტიურე, რომ ამ წერილს თქვენამდე მოეღწია, გავასაჯაროვე ჩემი მობილურის ნომერი და დაველოდე თქვენს ზარს. გვერდით დამიდგა კოლეგები, ძალიან ბევრმა მედიასაშვალებამ გამოაქვეყნა ჩემი მომართვა. მიუხედავად ამისა არავის არ სჯეროდა , რომ მინისტრი დამირეკავდა...

დადგა ის დღეც, 2017 წლის 6 დეკემბერი, თქვენ დამირეკეთ და იმედი მომეცით, რომ განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები მოხდებოდა. თქვენთან საუბარმა დამარწმუნა, რომ მე როგორც ერთი მოქალაქე, როგორც დედა სულერთი არ ვიყავი სამშობლოსთვის. თქვენ, მიხეილ ჩხენკელი კი არ მესაუბრებოდით, სამშობლო მესაუბრებოდა. თქვენ არ იცით რას ნიშნავდა ერთი სატელეფონო ზარი ჩემთვის, ეს იყო იმედი, იმედი იმისა , რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. იმედი იმისა, რომ მალე დავბრუნდებოდი სამშობლოში, ჩემს მონატრებულ შვილებთან!

ამას რაც მოჰყვა თქვენც კარგად იცით, ჩემი შვილი, ლილე მინდელი მსხვერპლი გახდა ჩემი აქტიურობის. განა არ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა?! ვიცოდი, მაგრამ ისიც მჯეროდა, რომ ბრძოლა არ არსებობს მსხვერპლის გარეშე. თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ჩემი შვილის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, ჩემი გმირი გოგონა მარტო ვერ შეძლებდა გამკლავებოდა იმ დიდ აგრესიას, რომელიც მის მიმართ ჰქონდა თავისივე თანატოლებს...

პირველად ვამბობ საჯაროდ, მირეკავდნენ და მაშინებდნენ, შვილების სიცოცხლით, განსაკუთრებით ჩემი მეთერთმეტეკლასელი გოგონა იყო სამიზნე... სწორედ ამის გამო მივიღე გადაწყვეტილება და სამშობლოში დავბრუნდი.
თანდათან ჩაცხრა ვნებათაღელვა, მართალია მე მომჩივანი დედის იარლიყი მომაკრეს, მაგრამ ამით არაფერი მაკლდება, პირიქით ამაყი, ვარ რომ შევძელი ასე საჯაროდ ხმის ამოღება.

ბატონო მიხეილ, ხშირად ვფიქრობ , რა იქნებოდა ხმა რომ არ ამომეღო, პასუხი ცალსახაა, ისევ სინიორ დომენიკოს ბადანტე ვიქნებოდი.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!

ახლა კი ჩემს ინტერნეტპორტალზე ,,aianews.ge’’ სტატია ,,საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება! ‘’ რომ გამოვაქვეყნე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ სიტყვის კაცი ბრძანდებით, მეც არ შევმცდარვარ შეფასებაში, როცა ხმამაღლა, საჯაროდ, ტელეეკრანებიდან განვაცხადე, რომ მე მჯეროდა, თქვენი ბიოგრაფიის მქონე კაცი შეძლებდა განათლების კორუმპირებული სისტემის შეცვლას!

ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მშობლების სახელით, რომ ყველა მოსწავლეს მიეცით საატესტატო გამოცდების ჩაბარების და საჯარო სკოლის ატესტატის აღების შანსი. თუნდაც გასული სასწავლო წლის მაგალითს თუ გადავხედავთ, ეს ცვლილება , რაც საატესტატო გამოცდების ფორმატში მოხდა, მოსწავლეთათვის მართლაც რომ დიდი შანსია.

ბატონო მიხეილ, თქვენთან შეხვედრის დროს გითხარით, რომ ჩემი ქალიშვილი არცერთ საატესტატო საგანში აღარ ემზადება, მეორე სემესტრიდან ოთხივე საატესტატო საგანის მასწავლებელი შეეცვალა, რაც ჩემი აქტიურობის შედეგად მოხდა, მასწავლებლებმა შეურაცყოფილად იგრძნეს თავი და საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს ჯგუფი. არადა მე ლოკალურ პრობლემაზე კი არა გლობალურ პრობლემაზე ვწერდი. მარტო ჩემი შვილის ბედი კი არა, მისი თანატოლების ბედი მაღელვებდა. თქვენ დამპირდით, რომ ჩემი ქალიშვილი ყოველგვარი მომზადების გარეშე შეძლებდა საატესტატო გამოცდების ჩაბარებას.

ბატონო მიხეილ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი თებერვლის შუა რიცხვებში გააჟღერებდით ცვლილებებს, ეს ცვლილება ჩემთვისაც სურპრიზი იყო. თქვენ ჩემს წარჩინებულ შვილს კი არა, უკლებლივ ყველა მოსწავლეს მიეცით შანსი, ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე, ჩააბაროს საატესტატო გამოცდები!

და ბოლოს, ბატონო მიხეილ, ყველა, ვინც გაიგო რომ სამშობლოში დავბრუნდი, მეკითხება- განათლების მინისტრმა დაგაბრუნაო, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებ, დიახ, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა დამაბრუნა, ერთი სატელეფონო ზარით! ამ გადაწყვეტილებითაც დამაბრუნა! და მჯერა, სხვა უკეთესი გადაწყვეტილებებით უამრავ ემიგრანტ დედას დააბრუნებს!

ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა!!!


   ნანახია:  1705



მსგავსი ამბები:


  დღეს ორშაბათია მე კი სკოლაში არ ვარ, არცერთ ორშაბათს არ წავსულვარ სკოლაში, ორშაბათს რა, არც დანარჩენ დღეებში. მე მეთორმეტეკლასელი ვარ და არ დავდივარ სკოლაში. ისე როგორც დანარჩენი ყველა, იშვიათი გამონაკლისის გარდა.პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობდი 11   ...
... სრულად ნახვა
  ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე -   ...
... სრულად ნახვა
  საატესტატო გამოცდები ე.წ. CAT-ის მეთოდით ჩატარდა. როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, საცდელი ტესტირება იმდენად არ გართულებიათ, რამდენადაც ნამდვილი გამოცდის ტესტური დავალებები. საგამოცდო პროცესს აკრიტიკებს ყველა - ამბობენ, რომ ტესტებში იყო ბევრი   ...
... სრულად ნახვა
  ვფირობდი ახლა, რა არის ერის ტრაგედია და ტერიტორიებზე მეტად ადამიანები მეტკინა... ტრაგედიაა აბა რა ჯანდაბაა, შვილები რომ უდედოდ იზრდებიან და დედის არსებობას ფულადი გზავნილების აღების დროს იაზრებენ, ან ვერც იაზრებენ... ტრაგედიაა, როცა წლობით ხარ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04