ავტორი: ლელა თოლორდავა
30.08.2017, 19:03

ივა ჯანეზაშვილი პერსონალური ფოტოგამოფენით ბერლინს სტუმრობს

მზე ყველასია, მაგრამ ზღვა, რომელშიც ჩადის ყველას მზე, ყველასი ვერ იქნება...

ყველას მზის ჩასვლას ჩვენებური ივა ჯანეზაშვილი სხვისი სანაპიროდან ადევნებს ხოლმე თვალს და ზუსტად იმ დროს ელოდება , შესაფერის დროს , როცა ობიექტივის ფოკუსს მომართავს და ამორჩეულ ერთ წამს მარადისობას აჩუქებს... ასეთი წამები ათასობითაა მის შემოქმედებაში, მაგრამ ამ ბევრიდან რამდენიმე ათეული ამოარჩია და გერმანიის დედაქალაქ ბერლინში , გალერეა ,, Makowski’’ -ში , 2-დან 23 სექტემბრის ჩათვლით თავის პერსონალურ გამოფენად აქცია...

,,ფერადი სამყარო’’ ეს სახელი აერთიანებს სლოვენიაში, იტალიაში და ავსტრიაში გადაღებულ საოცარ კადრებს.


ახლა , როცა ტემპერატურა პიკს აღწევს, სიცხისაგან გათანგული ნაბიჯის გადადგმას და დათოვლილი ტყის განაპირა თოვლით დაფარულ ფიცარნაგზე ფეხის მორთხმას კი არა წამოწოლას ლამობ...

ზღვამ მიჯრით მიაწყო ტალღები და სატყუარად ახეთქებს ქვიშიან სანაპიროს, ფეხქვეშ გეცლება სველი ქვიშა და ტალღების ლამუნს ფეხის გულებზე გრძნობ...

იმ მთების იქით , ცხრა მთაზე ბევრად მეტი მთების იქით, შენი სამშობლოა და ამ მზერით გინდა მისწვდე...

ღრუბლებში მიიმალა ემიგრანტის სევდა და ირმის ნახტომს შეუერთდა, ახლა შორეული კოსმოსის, ჩვენი გალაქტიკის ნაწილი გახდა, სევდაც, მონატრებაც და სიყვარულიც...

მთები, ისევ მთები, უცხო ქვეყნის მთები და ამ მთებამდე მისასვლელი ვიწრო ბილიკები...

რა ყელმოღერებულია პურის თავთავები, აკი სავსე თავთავი თავდახრილიაო...

რძისფერი ნისლი თავსაბურავად ახურავს მთებს, ისევ მთებს და ისევ სხვისი სამშობლოს მთებს...

ტბის იქით ფერადი ქალაქია, განაპირა სახლის სახურავზე მზის სხივები ცეკვავენ ტანგოს...

თოლიები კი მოოქროვილ ცის თაღზე არწივივით კრავენ კამარას...

მზე ცადაზიდულ ხეებს გარს უვლის და სხივები ფოტოს ჩარჩოს სცდება... მომენტალურად მზის სათვალეს ირგებ და გეცინება, როგორ უოსტატია ფოტოგრაფს, რომ მზის სხივები შენამდე მოიტანა...
სათვალეს იხსნი და ემიგრანტის მზერას აყოლებ ერთ სივრცეში გამომწყვდეულ ბუნების ფერადოვნებას და სამშობლოს ეძებ... ეძებ და ულამაზესი პანორამის წინ ჩერდები, იმ გადმოსახედიდან, შენ რომ ვერ იცანი( ალბათ ფეხიც რომ არ დაგიდგამს) დაგანახა შენი მონატრებული თბილისი, შენი სათაყვანებელი სამშობლოს გული ...

ახლა გული საგულედან ამოვარდნას ლამობს, ახლა გაფერმკრთალდა ყველაფერი და შენ ემიგრანტის სახელს შეფარებული კიდევ ერთხელ მიმოავლებ მზერას შენებურის ხელოვნებას და მშობლიურ ენაზე გამზიარებელს ეძებ.. მერე გახსენდება, რომ გამოფენა 2 სექტემბერს იხსნება...

მოხვალ, აუცილებლად მოხვალ და მოიყვან ყველას ვისაც იცნობ...

ასე ემოციით გადატვირთული, ასეთი ამაყი ბერლინის ქუჩაში გაიჭრები, ეჭვის თვალით შეხედავ მზეს და სხვებისთვის გაუგებარ უცხო ენაზე, შენს მშობლიურ ქართულ ენაზე ეტყვი-,, ჩვენთან ბევრად ლამაზი მთებია, ჩვენს ზღვაშიც სხვაგვარად ჩადიხარ შენ, ყველას მზევ!!!’’

მე კი გეტყვი, რომ იმ ფოტოგრაფმა , ვინც ეს ,,ფერადი სამყარო’’ გაჩუქა დიდი გზა გამოიარა ბერლინამდე... ის ივა ჯანეზაშვილია, 28 წლის, ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ფოტოხელოვანი. 2013 წლიდან ცხოვრობს ავსტრიაში და ფლობს არაერთ საერთაშორისო აღიარებას და დამსახურებას ფოტოხელოვნებაში. ევროპის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ფედერაციის მიერ აღიარებულია პროფესიონალ ფოტოგრაფად. არის მსოფლიოს მხატვრული ფოტოხელოვნების ფედერაციის წევრი. აქვს არაერთი გამარჯვება საერთაშორისო ფოტოპროექტებსა და კონკურსებში. საქართველოს ფოტოგრაფიის ისტორიის მანძილზე არის პირველი ქართველი ფოტოხელოვანი, რომელიც მიწვეული იყო საერთაშორისო ფოტო ფესტივალზე საპატიო ჟიურის წევრად (The World Bodypainting Festival Photo Award 2015). წლების განმავლობაში არის არაერთი მსოფლიოს მაშტაბის ორგანიზაციის ოფიციალური ფოტოგრაფი, მათ შორის მსოფლიოს სხეულის მოხატვის ფესტივალის (The World Bodypainting Festival ) და სპორტული ჩემპიონატის ორგანიზატორი კომპანიის ,, IRONMAN’’ის ოფიციალური ფოტოგრაფი. 2017 წელს ავსტრიაში დაარსა საკუთარი კომპანია, ფოტოგრაფიის მიმართულებით, რომელიც გულისხმობს მაღალი დონის მომსახურების სერვისს.


   ნანახია:  4136



მსგავსი ამბები:


  23 წელია გამთენიისას აღარ გავუღვიძებივარ სოხუმის პორტში შემოსული უცხოური გემის საყვირის ხმას... 23 წელია აღარ მინახავს ჩემი სანაპიროდან მზის ჩასვლა... ეზოს კუთხეში, მაგნოლიის ხის ჩრდილში, პაპაჩემის დადგმულ რკინის მაგიდაზე არ მომიწვევია აფხაზი   ...
... სრულად ნახვა
  ყველანი უნდა დავირაზმოთ და მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. გული მიკვდება მოუწესრიგებელ ქუჩებს და გაზონებს რომ ვხედავ, არადა ჭიშკრის იქით, საკუთარი ეზო რომ გვაქვს მოწესრიგებული,ჭიშკრის აქეთ ქუჩა ნაგვით რომ არის სავსე, ისევ ჩვენს ეზოში არ შემოდის ნაგავი?!   ...
... სრულად ნახვა
  პირველად მზის სათვალეს ჩრდილოელი ესკიმოსები იყენებდნენ, კერძოდ ნენცები, თავი რომ დაეცვათ თოვლის სიბრმავისგან, სათვალე ხისგანაც მზადდებოდა და ძვლისგანაც...   ...
... სრულად ნახვა
  ვინ თქვა, რომ შავ-თეთრია ეს ფოტოები?! ფერთა შეუდარებელი გამაა...მხატვრის უხვფერიანი პალიტრაა... შავ-თეთრი ფერის ჩრდილში მიმალული ფერთა უცნაური მზერაა... მერე ხმა... წვიმის... ქარის... თოვლი ჭრიჭინებს ფეხქვეშ... ბავშვების ანცი სიცილის... ჩიტების   ...
... სრულად ნახვა
  აი, უკვე ათი წელიწადი მიილია, რაც შენს მადლიან მიწაზე ფეხი აღარ დამიდგამს. სიზმარივით მახსოვს შენთან განშორება, თვითმფრინავის ფრთის ქვეშ მცირე ხნით გაელვებული კავკასიონის ჭაღარა შუბლი და ნაფლეთ-ლეგა ღრუბლებს მიღმა ჩაკარგული ჩემი მიწა-წყალი. იმ   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04