ავტორი: ნინო ძოწენიძე
01.03.2017, 13:50

ქუთაისის თავს ქალაქის ისტორიაში შესვლა არ უნდა, ფული ურჩევნია!

არა ერთი დარღვევით და საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ ქუთაისის ცენტრში ,,მაკდონალდსის'' მშენებლობა ჯიუტად გრძელდება.

,,ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და პატივს მცემენ'', თავს იწონებს ერთ-ერთ გადაცემაში ქუთაისის მერი (არის კი ეს ხელისუფლების ავტორიტეტი?!).

დევიზმა ,,ხალხზე ორიენტირებულობა'' ჩაილურის წყალი დალია. უკანონო და უგემოვნო მშენებლობის ფონზე ქალაქში პროტესტი არ წყდება, ოღონდ ცივილური მეთოდებით.

საინიციატივო ჯგუფი ,, ქუთაისის მომავლისთვის'' ქალაქის მერს ხვდება, პარალელურად საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე ,,ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის'' იურისტები საჩივარს ამზადებენ, რათა დაიწყოს მურღულიას მერობის პერიოდში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიება.

,,ვისაც ჰგონია, რომ ასე იოლად დავნებდებით, ძალიან ცდება-ეს ქალაქი ჩვენია და ბოლომდე ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის''-ამბობს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორი სულხან ქობულაძე.

,,მაგდონალდსის წარმომადგენლებთან შეხვედრამ დაადასტურა, რომ ქუთაისის ცენტრში მშენებლობის ადგილი შეთავაზებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ქალაქის მერმა თავიდანვე იცოდა, თუ როგორი სახით აპირებდნენამ მშენებლობას.გამოდის, რომ მურღულიამ გაყიდა ქალაქის ინტერესები და ეკონომიკის სამინისტროსკენ ხელის გაშვერა მისი დანაშაულის დაფარვის მცდელობაა. ქუთაისს ჰყავს მერი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ქალაქის ცენტრის მომავალი რეკონსტრუქციის ყველა გეგმა, მით უფრო, რომ იცოდა რამდენიმე პროექტის არსებობის შესახებ, რაც მოიცავდა მიწისქვეშა პარკირებას, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის და კომერციული ობიექტების მშენებლობას. ფულს სუნი არა აქვს- ესაა შოთა მურღულიას მართვის სტილი''(სულხან ქობულაძე).

მწერალი ნაირა უგულავა ინტელიგენციასთან შეხვედრის დროს მის განწყობას ასე აფიქსირებს:,,ოქროს ასოებით ჩაიწერები ქუთაისის ისტორიაში...თუ მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო გახვევს თავს ამ პროექტს, გადადექი, ქუთაისის კი არა, საქართველოს ისტორიაში დარჩები გმირად.''

მურღულიას გმირობა სულაც არ უნდა და კვლავ სამართლებრივი პრობლემების არქონასა და ეკონომიკურად მომგებიანობაზე საუბრობს. რაც მთავარია, შავს თეთრად აჩენს და კიდევ ერთხელ აკნინებს ქუთაისელებს როცა ამბობს, ქალაქში ,,მაკდონალდსის'' არსებობას აპროტესტებენო. არადა ჰამბურგერზე არავის უთქვამს უარი, უბრალოდ, ადგილის შეცვლას ითხოვენ.საინტერესოა ერთი ფაქტიც, ცოტა მოშორებით რომ მომხდარიყო ამ ობიექტის აშენება, ვერ დასაქმდებოდა 80 ადამიანი?

რაც შეეხება ფაქტს, რაც სამართლებრივ პრობლემებს ეხება, საჭიროა სულ მცირე მონდომება და საჯარო რეესტრით დაინტერესება:

,,ქუთაისში, აღმაშენებლის მოედნის ფართობი 2016 წლის 4 ივლისს დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად.

2016 წლის 18 ნოემბერს ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა შ.პ.ს. ,,თ და კ რესტორნების'' საკუთრებად.

განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში მინიშნებულია მომსახურების სახე: პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. გადახდილი თანხა 50 ლარი, TBC ბანკში.

მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს რაღაც ვალდებულება, შესრულების პირობით, რომელიც მოიძებნება საჯარო რეესტრში გამყიდველებთან, მყიდველებთან. მშენებლობის სანებართვო მოწმობის გარეშე დაწყებით და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების პროცესში აშკარად დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-60-ე მუხლის, სამშენებლო დოკუმენტის მეშვიდე პუნქტის მოთხოვნა...

აღარ გავაგრძელებთ დანარჩენ დარღვევებზე საუბარს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ,,აიანიუსი'' შეხვდა არა ერთ სპეციალისტს და მოისმინა მათი მოსაზრებები. აი, რას ამბობენ პროფესიონალი არქიტექტორები:

,,იმის გამო, რომ ტერიტორია მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალში, საკითხი საჭიროებდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებას, მაგრამ ვინაიდან ბრძანებაში არ არის აღნიშნული, ნიშნავს, რომ არ შეთანხმებულა. რაც შეეხება ზოგადად, ცენტრალურ მოედანზე მშენებლობის საკითხს, დავით აღმაშენებლის ცენტრალური მოედანი არის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული უძველესი ისტორიული ცენტრი, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას, სადაც განთავსებულია ძველი, ისტორიული შენობები, მათ შორის არქიტექტურული ძეგლები. სიმბოლურ ფასად გასხვისებული ტერიტორია არის უაღრესად სათუთი და პრეტენზიული ადგილი და თუკი ოდესმე დადგებოდა საკითხი მასში რაიმე სახის ჩარევისა, იგი უნდა გამხდარიყო საზოგადოების განსჯის საგანი, მით უფრო პროფესიონალების მხრიდან. მაგრამ რაც დღეს ქუთაისში ხდება, აჭარბებს ნებისმიერ კურიოზს. ცენტრალურ მოედანზე, სადაც ყოველი გოჯი მიწა უაღრესად მნიშვნელოვანია, დღისით, მზისით, ყველასგან მალულად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, გასხვისდა 1416მ/კვ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ვიღაც შ.პ.ს. ,,თ. და კ. რესტორნების'' ხელში მოხვდა. არ მომხდარა არანაირი განხილვა, ამ პრეტენზიულ ადგილზე როგორი უნდა ყოფილიყო კომპოზიცია, მასშტაბი, გეგმარება, ფუნქცია, ორიენტაცია, მხატვრული იერსახე და სხვა, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი წინაპირობაა, რათა მოცულობა სწორად დაისვას... მყისიერად, ყოველგვარი დამტკიცებული პროექტისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გარეშე, ქურდულად, ღამით შეუსიეს ტექნიკა და მიწასთან გაასწორეს ოდითგანვე არსებული ულამაზესი რელიეფი, სადაც აპირებენ მდარე იერსახის პავილიონის ტიპის შენობის ჩადგმას, რომელსაც გარს უნდა შემოუაროს ტრანსპორტმა და თურმე, მანქანიდან გადმოუსვლელად შეიძინონ ,,მაკდონალდსის'' პროდუქცია. არავინ დაგიდევთ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს, არც ამ რთული ადგილის სატრანსპორტო სქემის გადაწყვეტას, არც არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას, არც ფეხით მოსიარულეთა ტროტუარს და არც არაფერს, გარდა საკუთარი ჯიბეების კიდევ უფრო გასქელებისა. ამას კი მფარველობს იმ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი, რომლის სამსახურის უშუალო დანიშნულებას განეკუთვნება მსგავს დარღვევებთან ბრძოლა. ამ დროს იგივე სამსახური ელემენტარული სამშენებლო სამართალდარღვევებისთვის გაუსაძლისი საჯარიმო სანქციებით სულს ხდის გაძვალტყავებულ მოსახლეობას.''

ერთი სიტყვით, ,,ქუთაისის თავს არც გმირობა უნდა და არც ქალაქის ისტორიაში ოქროს ასოებით შესვლა, სარფიანი გარიგებები ურჩევნია ,,მაკდონალდსის'' მესვეურებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ან უფრო ზევით მიდის პირამიდა... აბა, ასე ნაგლად როგორ დაიხურა ჩალით ქვეყანა?!



ნინო ძოწენიძე


   ნანახია:  2495



მსგავსი ამბები:


  მათ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ, კიდევ ერთი ინვესტიციის დაბანდება გადაწყვიტეს ქუთაისში და ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდეს მიწა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. შენობის პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მუშაობს და ადგილთან შესაბამისობაში იქნება   ...
... სრულად ნახვა
  ჩვენ ,,მაკდონალდსის’’ აშენების წინააღმდეგი კი არ ვართ , პირიქით, აშენდეს ორი-სამი, ასეთი ინვესტიციების შემოსვლით ხალხი დასაქმდება ,მხოლოდ შესაფერის ადგილზე. ყოფილი მუზეუმის, ან რესტორან ,,თოლიას’’ ადგილზე რომ აშენებულიყო, ხმასაც არავინ ამოიღებდა.   ...
... სრულად ნახვა
  ჭყონიას რავა აწყენინებენ, რაც იყიდა იმის დავავალიანება დღემდე არ გადაუხდია. ახლა მოედანზე მომინდომა ,,მაგდონალდსის'' წამოჭიმვა. ჯერ პროექტი შეთანხმებული არ არისო, ამბობენ მერიაში . მაშინ რატომ შემოღობეს ტერიტორია და გამოფინეს ბანერი?! უბედურება ის   ...
... სრულად ნახვა
  ეს როგორი დეგრადირებული მედროვეების ხროვა უნდა ეგდოს ქუთაისის ხელმძღვანელობაში,რომ ცენტრალურ მოედანზე, კიბეებთან [საათთან], ტროტუარზე, ავტობუსების გაჩერების ადგილზე, "მაკდონალდსის" მშენებლობის ნებართვა გასცე და რა უჭკუო საქციელია ეს "მაკდონალდსის"   ...
... სრულად ნახვა
  ქალაქის ბულვარში წიგნის მაღაზიის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. ქუთაისის ვიცე-მერის, გია შარაბიძის თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე მიღებული არ იქნება   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04