ქუთაისში ,,მაკდონალდსის'' მშენებლობასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელსაც ქალაქის მერიის, თვითმართველობის, მაკდონალდსის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მაკდონალდსის'' წარმომადგენელის, ნიკოლოზ დარბაისელის განცხადებით, მათ უკანონო არაფერი ჩაუდენიათ, კიდევ ერთი ინვესტიციის დაბანდება გადაწყვიტეს ქუთაისში და ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდეს მიწა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს. შენობის პროექტზე გერმანელი არქიტექტორი მუშაობს და ადგილთან შესაბამისობაში იქნება მოსული. ამ ინვესტიციით, ქალაქი გარდა იმისა რომ კარგ ობიექტს მიიღებს, დასაქმდება 60 ადგილობრივი და წელიწადში მილიონ ლარზე მეტი შევა ქუთაისის ბიუჯეტში.
ბუნებრივია ინვესტორის პოზიციაზეა ქალაქის ხელისუფლებაც.რაც არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა ჭეიშვილმა გააჟღერა.
საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს აღნიშნულ ადგილზე ,,მაკდონალდსის'' აშენება და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს , რომ სანაცვლო ფართი გამოუყონ ინვესტორს, რადგანაც არ დაუშვებენ იმ ადგილზე რაიმე ტიპის მშენებლობას. ემოციური გამოსვლების ფონზე საკმაოდ საინტერესო იყო ქუთაისის ყოფილი მერის, არქიტექტორ დავით მელქაძის გამოსვლა. მან დამსწრე საზოგადოებას პროფესიონალის ხედვა გააცნო და ცალსახად დააფიქსირა, რომ იმ ადგილზე რაიმე ტიპის ნაგებობის აშენება არ შეიძლება.
ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნატო ქათამაძემ დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა , ამ პრობლემის ირგვლივ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელონ.