ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა. 22 წლის საჩხერელმა ძალოსანმა რიოს ოლიმპიადაზე +120 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (473კგ).
ღონისძიება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა, ქალაქის მერიისა და სეოკის იმერეთის ორგანიზებით გაიმართა. ვარსკვლავის გახსნას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე, საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ რიოს ოლიმპიადის მონაწილე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ზვიად პატარიძე. ლაშა ტალახაძის ვარსკვლავის გახსნის პატივი იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესა და სიდნეისა და ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველ ნინო უჩაძეს ერგოთ.
შეკრებილმა საზოგადოებამ რიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანს ჩემპიონობა მიულოცა და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებები უსურვა. ქუთაისის მერიამ ლაშა ტალახაძეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივრების გასახარად სამომავლოდაც ყველაფერს გააკეთებს.