ავტორი: ნინო ძოწენიძე
17.03.2016, 15:04

პირადმა ბანკირმა ივანიშვილი 100 მილიონით აზარალა

მას შემდეგ, რაც შვეიცარიელმა პირადმა ბანკირმა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი თაღლითურად 100 მილიონი ფრანკით (დაახლ. ამდენივე დოლარი) აზარალა, ქართველი მილიარდერის ადვოკატებმა სამშაბათს სარჩელი დამქირავებელი "კრედიტ სვისის" წინააღმდეგ შეიტანეს, რომელიც აქტივებით შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკია.

თავიდან, ივანიშვილი მხოლოდ ბანკის ფინანსურ მენეჯერს უჩიოდა, რომელიც ახლა პატიმრობაშია, თუმცა სამშაბათს უკვე თავად ბანკს უჩივლა.

ყოფილი პრემიერი ჟენევის პროკურატურაში "კრედიტ სვისს" უჩივის იმიტომ, რომ ბანკი არ იღებდა სათანადო ზომებს ფინანსური მაქინაციების აღსაკვეთად. როგორც მოსარჩელის ადვოკატები ამბობენ, სარჩელს საფუძვლად დაედო შვეიცარიის ფულის გათეთრებასთან მებრძოლი სააგენტოდან მიღებული ცნობები, რომლის თანახმადაც, ფინანსური მაქინაციებისგან ბანკის სხვა კლიენტებიც დაზარალდნენ.

ქართველი მილიარდერის ადვოკატებმა ბანკის წინააღმდეგ ახალი საჩივარი იმის გამო შეიტანეს, რომ "კრედიტ სვისმა" სასამართლოსგან მოითხოვა საკუთარი თავის ერთადერთ დაზარალებულად ცნობა, რაც დაკმაყოფილდა და შედეგად ივანიშვილის დაცვის მხარეს გამოძიების მასალებზე წვდომა შეეზღუდა, წერს ამერიკული ბიზნესგამოცემა "ბლუმბერგი".

"ამ საქმის მასალების შეზღუდული გაცნობით გამოიკვეთა ფაქტი, რომელსაც იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ "კრედიტ სვისში" ფულის გათეთრების მრავალ ფაქტს ჰქონდა ადგილი," - აცხადებენ ექსპრემიერის ადვოკატები.

ბიძინა ივანიშვილის ქონება, "ფორბსის" მონაცემებით, დაახლოებით 4,8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მან შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სვისთან" სამართლებრივი დავა დაიწყო თავისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია. ამის შესახებ თებერვალში შვეიცარიული "ლე ტემპსი" და ამერიკული "უოლ სტრიტ ჯორნალი" წერდნენ.პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკის კერძო ინვესტიციების მმართველის მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა შორის ივანიშვილიც აღმოჩნდა, შვეიცარიულ გამოცემა "ლა ტემპსში", მიმდინარე წლის იანვარში გაჩნდა. გამოცემის თანახმად, "კრედიტ სვისის" მენეჯერის ქმედებების შედეგად ივანიშვილმა 100 მილიონი ფრანკი დაკარგა.

ასევე იზარალა ორმა მსხვილმა რუსმა კლიენტმა - ჯამში 70 მილიონი ფრანკით. მათი ვინაობა არ ცხადდება, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ "საქმიანი ურთიერთობები" აქვთ "გაზპრომთან".

ამ რუსებსა და ივანიშვილს ერთი ფინანსური მენეჯერი ემსახურებოდათ, რომელმაც დაკითხვაზე აღიარა ("ლე ტემპსის" ცნობით), რომ თავის საქმეში ბევრი არაფერი გაეგებოდა და წარუმატებელი ინვესტიციების შემდეგ გადაწყვიტა, დანაკლისი სხვა კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, სახსრებით შეევსო. ამბობს, რომ მდიდარი რუსი კლიენტებისა და ივანიშვილის მოზიდვა იმიტომ შეძლო, რომ კარგად ფლობს რუსულ ენას.

თაღლითი პირადი ბანკირის სახელია პატრის ლესკოდრონი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და შვეიცარიის ხელისუფლებამ იმიტომ ჩასვა საპყრობილეში, რომ სამშობლოში არ გაქცეულიყო, საიდანაც მისი ექსტრადირება პრობლემატური გახდებოდა.

დაზარალებულებული რუსი კლიენტების ვინაობა არ სახელდება. თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ერთ-ერთი შეიძლება იყოს მილიარდერი და რუსეთის ყოფილი სენატორი ვიტალი მალკინი.

"ლე ტემპსის" ცნობით, "კრედიტ სვისის" მენეჯერმა, რომელსაც აქტივების მართვის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, კლიენტების ფულის ინვესტირება ერთ-ერთ ავსტრიულ ჰოლდინგში მოახდინა, ხოლო როდესაც 2007 წელს ჰოლდინგის აქციები დაეცა, კლიენტები მოატყუა, თითქოს აქციების გაუფასურებამდე შეძლო თავის დაღწევა.

გაზეთის თანახმად, ორი რუსი კლიენტის დანაკარგების დასაფარად მან ფული ივანიშვილის ანგარიშებიდან აიღო. ხოლო მილიარდერის ანგარიშებში დიდი მინუსის გადასაფარავად ინვესტიცია "გაზპრომში" ჩადო.

"კდერიტ სვისი" გამოძიებასთან თანამშრომლობს, თავს დამნაშავედ არ აღიარებს და პასუხისმგებლობას ყოფილ თანამშრომელს აკისრებს. ბანკმა საჩივრით ჟენევის პროკურატურას დეკემბერში თავად მიმართა, სადაც ის ყოფილ მენეჯერს თაღლითობასა და ინვესტიციების ცუდ მართვაში ადანაშაულებს.

ბანკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ თავად არის ამ საქმეში დაზარალებული. მარტის დასაწყისში კი გამოძიების მხრიდან ივანიშვილისათვის დაზარალებულის სტატუსის მიცემა გაასაჩივრა. შედეგად, ქართველი მილიარდერის ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა შეეზღუდათ.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია სტურუა აცხადებს, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ცნობილ ბანკებს ფულის გათეთრებაში ამხელენ.

"სულ ახლახან რამდენიმე ევროპული ბანკი აშშ-ის საგამოძიებო ორგანოების მიერ მხილებული იყო ძალიან სერიოზულ სავალუტო მაქინაციებში, რის გამოც ეს ბანკები მილიარდობით დოლარით დააჯარიმეს. ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, რომელსაც ფულთან შეხება აქვს, ცდუნება უჩნდება, კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს და ვერც ერთი კვალიფიციური მენეჯერი ვერ შეძლებს ბანკი უმწიკვლო თანამშრომლებით დააკომპლექტოს. "სოსიეტე ჟენერალმა" 5 მილიარდი ევრო იზარალა თავისი ერთ-ერთი ტრეიდერის მიერ ბირჟაზე არასწორი საქმიანობის შედეგად. გასაკვირი ის უფროა, საქართველოში ყველა ბანკი როგორ მუშაობს ისე პატიოსნად, როდესაც ევროპის უმსხვილესი ბანკები გამოჭერილები არიან ფინანსურ მაქინაციებში?!" - აცხადებს სტურუა.

ლია სტურუას თქმით, თუკი ბანკი თავს დამნაშავედ ცნობს, სასამართლოს გარეშე ხდება გარიგება. თუ ბანკს პრეტენზიები გააჩნია, მაშინ ამას სასამართლო წყვეტს და თუკი ზარალი მართლაც არის მიყენებული, მას ანაზღაურებენ.

ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრის, ლევან ალაფიშვილის თქმით, ივანიშვილი დიდი ალბათობით დაკარგულ 100 მილიონს დაიბრუნებს და უფრო მეტიც, შესაძლოა, ბევრად მეტიც კი მიიღოს, თუკი ის მორალურ ზიანს და პლუს ფულის პროცენტებსაც ითხოვს.

ამბობს, რომ ინსტიტუციურად ივანიშვილის წინაშე ბანკის ექსმენეჯერის მხრიდან მიყენებული ზარალის გამო თავად ბანკიც იყო პასუხისმგებელი და მის წინააღმდეგ სარჩელი ადეკვატურიცაა.

"ივანიშვილისათვის ფინანსურად უფრო მყარი და მიმზიდველი მოპასუხე ბანკი უფროა, ვიდრე კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლოა სულაც არ ჰქონდეს საკმარისი აქტივები, რომ მატერიალური ზარალი ანაზღაურდეს. ექსმენეჯერის მხოლოდ სს-ის წესით დასჯა ივანიშვილის შემთხვევაში ეფექტური ვერ იქნება, ამიტომ სწორი ტაქტიკური გათვლაა იმს, რომ ბანკის მენეჯერთან ერთად თანამშრომლის ქმედებაზე თავად საბანკო დაწესებულებაც იყოს დასახელებული პასუხისმგებლად. პროცედურების გავლის შემდეგ ივანიშვილი მინიმუმ საკუთრ ფულს მიიღებს. შეიძლება მეტიც კი მიიღოს. საკითხავია, რას ითხოვს ის. მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რაც დაკარგა თუ იმ ზიანის ანაზღაურებასაც, რასაც პროცენტების სახით მიიღებდა, ან პლუს მორალური ზიანიც და ა.შ." - აცხადებს ალაფიშვილი.

ექსპერტებმა ის ფაქტიც გაიხსენეს, როდესაც გასულ წელს ექსპრემიერმა ივანიშვილმა ლარის დევალვაციის გამო მოსახლეობას პირადი ბანკირის აყვანაც ურჩია.

"ცივილიზებულ ბანკთან ურთიერთობა ბიზნესმენისთვის ყოველთვის მომგებიანია, იმიტომ რომ ბანკი დათმობაზე მიდის და ამით ბიზნესმენი ხეირს იღებს, ფიზიკურ პირი კი, თუ ძალიან მდიდარი არ არის, პირად ბანკირს ვერავინ აიყვანს," - აღნიშნავს ლია სტურუა.

"მაშინ როდესაც ივანიშვილმა პირად ბანკირზე გააკეთა განცხადება, ეს ცოტა სხვა რამეს ნიშნავდა, თუმცა რიგითი მოქალაქის მხრიდან იქნება მსჯელობა, რომ ჩვენ რას გვირჩევდა, როდესაც თავად ვერ შეარჩია პირადი ბანკირიო," - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ეკატერინე ბასილაია


წყარო:,,რეზონანსი''


   ნანახია:  1223



მსგავსი ამბები:


  რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, მის საკუთრებაში პროგრეს ბანკი მიმდინარე ანგარიშზე 29.23 ლარი და მიმდინარე 977. 67 დოლარი და 4001.04 ევრო იყო. ბანკ "ინტეზა სან პაოლოს" მიმდინარე ანგარიშზე კალაძეს 900   ...
... სრულად ნახვა
  კვირა საღამოს, ბანკის შენობას მიადგა მძიმეწონიანი ტვირთმზიდი და სპეციალური ამწე მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ძლივს ჩამოიღეს ტვირთმზიდიდან რამოდენიმეტონიანი უზარმაზარი გრანიტის ფილა და დადეს ზედ ბანკის შესასვლელ კარებთან.   ...
... სრულად ნახვა
  ბიძინა ივანიშვილი თავისი კაპიტალის 90 პროცენტის ქვეყნისათვის დახარჯვას აპირებს.ამ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახურის თანამშრომელი ანა გოჩაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ამ უმნიშვნელოვანესი ამბის გაჟღერების ექსკლუზიური უფლება პრემიერმა ამერიკულ   ...
... სრულად ნახვა
  მოვალის მიერ გადახდის შეწყვეტიდან 3 წლის მანძილზე, მისი მოთხოვნა ხანდაზმული ხდება და შემდგომ მას წარმოეშვება უფლება უარი თქვას კრედიტის დაფარვაზე. განვიხილოთ იგივე სიტუაცია, მაგრამ დავამატოთ ერთი გარემოება, – მოვალემ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით   ...
... სრულად ნახვა

ვიდეო რეკლამა

ვიდეო რეკლამა 2

ვიდეო


  • მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გელათელი ბავშვები
    22.10.2013, 20.02
  • გზებსა და გზაჯვარედინებზე...
    08.10.2013, 14.53
  • სასაცილო ვიდეობის ნაკრები
    07.10.2013, 21.55
  • ფოტო


  • თეა წულუკიანის მერი
    20.03.2017, 23.04
  • მაია ასათიანის ულამაზესი ნუცა გარდაიცვალა
    23.02.2017, 22.54
  • ფელიქს ტოტიევი ექვსი შვილიშვილის საფლავებთან
    02.09.2016, 01.04