საინფორმაციო სააგენტომ „გურია ნიუსი“ გაავრცელა ინტერვიუ ექიმთან, რომელიც ჩანს ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ დღეს გავრცელებულ ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც პაციენტის მოჭრილი ხელია ასახული.
ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ანგიოქირურგი და მიკროქირურგი ჯემალ ჯიქაძე, რომელმაც თავად ჩაუტარა პაციენტს ოპერაცია, ადასტურებს რომ ფოტოზე მისი ხელი ჩანს და ინტერესდება, საიდან აღმოჩნდა ეს ფოტოები ელისო კილაძესთან.
ჯიქაძე აცხადებს, რომ პაციენტი პატიმარი არ ყოფილა. „პატარა ბავშვი რომ იყო, მახსოვს. ალბათ 17 ან 18 წლის, ხარაგაულის რაიონიდან მამამისთან ერთად შემოიყვანეს. ხელი ჰქონდა მოკვეთილი. აღსდგა ის ხელი, მაგრამ დანარჩენზე ის პატარა ბავშვი უნდა ნახოთ. უნდა დაელაპარაკოთ. ფაქტია პატიმარი არ ყოფილა. პატიმარს ასე როგორ მოიყვანდნენ,“ - აცხადებს ჯიქიძე და აქვე გაკვირვებას გამოხატავს,თუ როგორ მოხვდა ეს სურათები ჟურნალისტის ხელში: „ვინ მისცა ეს სურათები, რა მიზეზით და რა მიზანით. ეს საშინელებაა. ასე არ შეიძლება.“ - განაცხადა ექიმმა
შეგახსენებთ, „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა, ელისო კილაძემ ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელზეც ადამიანის მოჭრილი ხელია გამოსახული. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი პატიმრის მოჭრილი მარჯვენაა და ფოტო, სავარაუდოდ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაღებული. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამ ფოტოს პატიმრებთან რაიმე კავშირი არ დაადასტურა.