"ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ფოტომასალა გაავრცელა, რომელზეც ადამიანის მოჭრილი ხელია ასახული. მისი თქმით, ეს ერთერთი პატიმრის მოჭრილი მარჯვენაა. ფოტო, სავარაუდოდ, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაღებული. კილაძე ამბობს, რომ ფოტოები მას ორშაბათს, გვიან საღამოს მიაწოდეს, თუმცა მისთვის პატიმრის ვინაობა უცნობია.
კილაძე სასჯელაღსრულების მინისტრისგან, სოზარ სუბარისგან ითხოვს განმარტებებს პატიმრის ვინაობისა და იმის შესახებ, თუ ვინ მოაჭრა მას ხელი, ციხის მაყურებელმა თუ ციხის თანამშრომელმა. ელისო კილაძე ეჭვობს, რომ პატიმარი კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. მან ასევე გაავრცელა რენტგენის რამდენიმე სურათიც, რომელზეც მისი თქმით, ასახულია როგორ შეაქვთ ციხეებში აკრძალული ნივთები, ასევე ფოტოებზეა პატიმრების მიერ გადაყლაპული ნივთები.
გაზეთის რედაქტორი ითხოვს, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.
"მე მზად ვარ და მივაწოდო ფოტომასალა სოზარ სუბარს. იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, მან ეს ინფორმაცია არ იცის",-განაცხადა მან.
აღნიშნულ ფაქტს სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც განმარტა, რომ გამოქვეყნებული ფოტოებიდან არც ერთი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებული არ არის.
"ორი ფოტოსურათი, სადაც ნაჩვენებია პატიმრის მოკვეთილი ხელი, გადაღებულია ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 2012 წლის ივლისში. ხელი ეკუთვნის პაციენტ ნოდარ რ.-ს რომელიც არასოდეს ყოფილა პატიმარი. რაც შეეხება დანარჩენ ფოტოებს, სადაც ასახულია პატიმართა რენტგენის სურათები, საიდანაც ირკვევა, რა გზით შეაქვთ პირებს აკრძალული საგნები ციხეში, ეს ფოტოები სასჯელაღსრულების სამინისტრომ საზოგადოებას უკვე წარუდგინა.“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.