თბილისში, ვაკე საბურთალოს გზაზე, გივი სვანიძის ქუჩაზე 30 ნომერში მდებარე ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის’’ არსებობა თბილისისა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის კარგადაა ცნობილი. თავშესაფარი ბიზნესმენმა საკუთარი ხარჯებით დაარსა 2004 წლის შემოდგომაზე.
ცნობისთვის–თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ოფისი, ვეტერინალური კლინიკა, სარეაბილიტაციო პალატები, სამშობიარო ბლოკი, კარანტინის ბლოკი, სალონი, სასეირნო ტერიტორია, ძაღლის ღია და დახურული ვოლიერები, დათვის ვოლიერები.
თავშესაფარი იფარებს ან ეხმარება: პატრონისაგან მიტოვებულ ძაღლებს; დაკარგულ ძაღლებს; ტრამვირებულ ან ავადმყოფ უპატრონო ქუჩის ძაღლებს; მურა დათვებს.
დაარსებიდან დღემდე თავშესაფარის მიერ გადარჩენილი და შეფარებულია 3 000 – მდე უსახლკარო და მიტოვებული ძაღლი, არა ერთი მათგანი კი სანდო ხელშია გაჩუქებული.
დღეისათვის თავშესაფარში 230– მდე სრულიათ ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლი და 7 ქართული მურა დათვია, რომლებიც ორჯერადი სრულყოფილი კვებით და ვეტერინალური მომსახურეობით არიან უზრუნველყოფილი, ყოველი მათგანი ელის ახალ პატრონს.
თავშესაფარის დაფინანსება ხდება მხოლოდ მისი დამფუძნებლის ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის მიერ.
დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ თავშესაფრის ვებ–გვერდზე www.doghome.ge.
ახლა კი, ბატონი თამაზ ელიზბარაშვილის იმ იდეის შესახებ გვინდა გიამბოთ, რომლის რეალიზებასაც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ხელს უშლის.
,, ცოტა ხნის წინ თბილისის არქიტექტურის სამსახურს ონლაინ განცხადებით, მივმართე და ვთხოვე მშენებლობის წინასწარი ნებართვა, თავშესაფრის ტერიტორიაზე 30 ადგილიანი საბავშვო კინოთეატრის მოწყობის შესახებ. რაზეც უარი მივიღე. გაოცებული ვარ მათი დამოკიდებულებით, თუ რამეს კარგს აკეთებს ბიზნესმენი, პირიქით ხელს უნდა უწყობდნენ. ჩვენ ვგეგმავთ მომავალი სასწავლო წლიდან, აქტიურად ვითანამშრომლოთ სკოლებთან, ერთობლივი პროექტების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმოთ. ამისათვის მიმდინარეობს თავშესაფარის კეთილმოწყობაც, გავაკეთეთ გადმოსახედი ტერასები. აქ მოსულ მოსწავლეებს შეეძლებათ უსაფრთხოდ დაათვალიერონ თავშესაფარი და აქვე არსებულ კინოდარბაზში ნახონ ცხოველებზე ფილმები. აქვე განმარტებას გავაკეთებ, რომ კინოდარბაზი არაკომერციული დანიშნულებისაა. იმის მაგივრად, რომ მერია მხარში ედგეს ამ წამოწყებას, უარს გვეუბნება. და საერთოდაც შეიძლება ყველა წამოწყებაზე გეწინააღმდეგებოდნენ?! ნუთუ ქალაქის საქმე არ არის ამდენი მიტოვებული და მიუსაფარი ძაღლების მოვლა–პატრონობა?! თუ ამას საკუთარი სახსრებით აკეთებს ბიზნესმენი, გვერდში არ უნდა დაუდგე?! ან ეს კინოთეატრი ჩემთვის ხომ არ მინდა?! მინდა სხვა დატვირთვა შევძინო თავშესაფარს, მომავალ თაობას კარგი მაგალითი ვაჩვენო, მაინც ავაშენებ და გავაკეთებ!’’ –განაცხადა ჩვენთან საუბარში ბატონმა თამაზ ელიზბარაშვილმა.
,,აიანიუსი’’ გუშინ დაუკავშირდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს, მათ ითხოვეს ერთი საათი კომენტარის გასაკეთებლად, დილის 11 საათის შემდეგ უშედეგოდ ვცდილობთ კომენტარის მოპოვებას, ყოველ ჯერზე გვპირდებოდნენ, რომ ცოტა ხანში მოგვაწოდებდნენ სასურველ კომენტარს, ბოლოს კი, რატომღაც ტელეფონიც გათიშეს. ამ დრომდე პასუხი არ ჩანს. არადა ეს ინფორმაცია საჯაროა და საჯარო მოხელეებიც ხალხის სამსახურში უნდა იდგნენ, წესით. უკვე აღარ გვიკვირს, რატომ უთხრეს ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს უარი, როგორც გავს უარი მათი სტილია. ისე მედიასთან შესაშური ურთიერთობა გცოდნიათ, მადლობა თანამშრომლობისთვის.