ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
როგორც დღეს "ინტერპრესნიუსის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ადვოკატმა განუცხადა, პროკურატურა დათა ახალაიას და კუდის თანამშრომლებს მფარველობს და მათს დანაშაულებრივ ქმედებებს მიზანმიმართულად თავს არიდებს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ სხვადასხვა პირებს, დათა ახალაიას მეთაურობით, მითვისებული აქვთ მილიონ 700 ათასი ევრო, რომელიც არ ჩარიცხულა არც ბიუჯეტში, არც ეროვნულ ბანკში და ჰქონდათ პირადი მოხმარებისთვის. გავიდა 6 თვე და გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 150 ათასი ევრო დათა ახალიამ პირადად თავისი ხელით გადასცა თავის დროზე ბესარიონ სურმავას, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი მისი გადმობირებისთვის. მას დათა ახალაიასგან პირადად გადაეცა თანხა. ეს ფაქტი ჩვენი მოგონილი არ არის. ამაზე მტკიცებულებები არსებობს, მაგრამ შედეგი არ დგება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ საქმის გამოძიება ფერხდება კოაბიტაციური რეჟიმის თუ სხვა რამის გამო, არ ვიცი. მე, დათა ახალიას და როლანდ ახალაიაზე სხვა საქმეებიც მაქვს, რომელიც ყველგან შეფერხებულია. გვაინტერესებს, თუ ხელშეუხებლები არიან განგვიცხადოს პროკურატურამ, რომ დათა ახალაიაზე არ აღიძრება საქმე და მას პრობლემა არ შეექმნება," – აცხადებს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, კატასტროფული მდგომარეობაა შსს-ში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
"ელემენტარული ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში უნდა მიმართოთ ამ უწყებებს, გააკეთოთ მილიონი შეხსენება და ამის შემდეგ, ან მიიღებთ ელემენტარულ საჯარო ინფორმაციას ან ვერა. მინდა მივმართო ირკალი ღარიბაშვილსა და არჩილ კბილაშვილს, ინფორმაციის გავრცელების ის სამსახურები, რომლებიც შეიქმნა ადეიშვილისა და მერაბიშვილის მიერ ემსახურებოდა ინფორმაციის დაბლოკვას. ეს სამსახურები, ისევ ძველი შემადგენლობით კვლავ მიდიან ინერციით და გადააჭარბეს უკვე წინა პერიოდის მდგომარეობას, როდესაც ელემენტარულ ინფორმაციას ვერ მიიღებდა ვერც ერთი მოქალაქე. დღეს ამ მხრივ არის სრული კატასტროფა. ვერც ერთი უწყებიდან ვერ გამოიტან საჯარო ინფორმაციას, ამიტომ დიდი თხოვნაა, რომ მიაქციონ ამას ყურადღება," – განაცხადა ნიკოლაძემ.